Friday, April 4, 2014

ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში და ეთნიკური უმცირესობები


შევეცდები თემატურად გავაგრძელო წინა ორი პოსტის თემა და კვლავ გავამახვილო ყურადღება ეთნიკური უმცირესობების საკითხზე. ამჯერად ყურადღება მივაქციო საქართველოს ეთნიკური უმცირესობების დამოკიდებულებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის საქართველოს საგარეო პოლიტიკა, კერძოდ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. 
2013 წელს CRRC–მ ჩაატარა კვლევა ევროკავშირის  ცოდნისა და დამოკიდებულებების შესახებ. კვლევა განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფაქტის გამო, რომ მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეთნიკური უმცირესობების* წარმომადგენლებმა ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე–ჯავახეთში. 
ზოგადად, ეთნიკური უმცირესობები საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ნაკლებად ინფორმირებული და ნაკლებად დაინტერესებულნი არიან. დაუინტერესებულობა ვრცელდება საგარეო პოლიტიკაზეც. მხოლოდ 35% ეთნიკური უმცირესობებისა ამბობს, რომ რაღაც დოზით დაინტერესებულია საქართველოს საგარეო პოლიტიკით, როდესაც ეს მაჩვენებელი საქართველოს მასშტაბით საშუალოდ 49%–ს შეადგენს


კიდევ უფრო საინტერესოა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთა დამოკიდებულება ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. მაშინ როდესაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მომხრეა ნატოში გაწევრიანებისა, ეთნიკური უმცირესობების მხოლოდ 31% დაუჭერდა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. 

ანალოგიური სიტუაციაა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. კითხვაზე – "ხვალ რომ ტარდებოდეს რეფერენდუმ, მისცემდით თუ არა ხმას ევროკავშირში გაწევრიანებას?" – ეთნიკურ უმცირესობებში მხოლოდ 38% პასუხობს დადებითად. აღსანიშნავია, რომ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დასმულ შეკითხვებში საკმაოდ მაღალია "არ ვიცი" პასუხი, რაც დიდი ალბათობით ევროატლანტიკური სტურქტურების შესახებ ეთნიკურად არა ქართველი რესპონდენტების ნაკლებად ინფორმირებულობასა და ჩართულობაზე მიუთითებს. 

თუმცა, სახეზეა აგრეთვე ეთნიკური უმცირესობების რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭებისა და დამოუკიდებლობის შეზღუდვის შიში. ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც ნაკლებად არიან ინტეგრირებული ქართულ საზოგადოებაში, გარიყული არიან ზოგად ქართული ტენდენციებისაგან, არ ფლობენ/არ სურთ ფლობდნენ ინფორმაციას სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე (მათ შორის საგარეო საკითხებთან დაკავშირებით). მათი ნაკლები ენთუზიაზმი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შესაძლოა არსებული სტატუს კვოს შენარჩუნების სურვილიც არის, როდესაც ისინი არ არევიან დანარჩენი საქართველოს საქმეებში და გარკვეული ხელშეუხებლობით სარგებლობენ. 

შენიშვნა
* მხოლოდ ორი უმსხვილესი ჯგუფი – სომხები და აზერბაიჯანლები; სხვა ეთნიკური უმცირესობები ან შედარებით მცირე მასშტაბის არიან, არ არ ბინადრობენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციაში არსებულ ტერიტორიაზე.

No comments:

Post a Comment