Friday, April 25, 2014

ეროვნული იდენტობა საქართველოში

ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებას სხვადასხვანაირად განიხილავენ*. ბენედიქტ ანდერსონი "წარმოსახვით საზოგადოებებს" (Imagined communities) უკავშირებს თანამდროვე ერის კონცეპციის ჩამოყალიბებას და ეროვნული იდენტობის კონსტრუირებაში თანამედროვე კაპიტალისტური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ერიკ ჰობსბაუმის აზრით ეროვნული იდენტობა და ნაციონალიზმი  "ზემოდან" ყალიბდება, როგორც კულტურული ან პოლიტიკური იდეა და შემდეგ ვრცელდება ფართო მასებში. კიდევ ერთი მკვლევარი, ენტონი სმიტი კი ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში ისტორიული სამშობლოს (ტერიტორიის), მითებისა და მეხსიერების და ერთობლივი კულტურის კომპონენტებს გამოჰყოფს. 


  
2008 წელს ჩატარებული მსოფლიოს ღირებულებათა კვლევის თანახმად საქართველოში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (97%) ამაყობს საკუთარი ეროვნებით. 
საკუთარი ეროვნებით ასეთი სიამაყის განცდა იგრძნობა ქართველების იდენტობის კონსტრუირებაში, რომელიც ფრიად საინტერესო და შედარებით ნაკლებად გამოკვლეული ფენომენია. ამ პოსტის მიზანი არსებული სტატისტიკური მონაცემების მიმოხილვა უფრო არის, ვიდრე თეორიული წიაღსვლები, ამიტომ ქვემოთ რამდენიმე საინტერესო ჩარტს შემოგთავაზებთ. 

2008 წლის მსოფლიო ღირებულებათა კვლევის სხვა ცვლადების თანახმად, საქართველოში მცხოვრებნი საკუთარ იდენტობას ცალსახად ვიწრო სახელმწიფროებრივ და ადგილობრივ მიკუთვნებულობას უკავშირებენ, ვიდრე ზოგად საკაცობრიო ან ფართო რეგიონულ გაერთიანებებს. გამოკითხულთა 98% დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ისინი საკუთარ თავს აღიქვამენ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს. ანალოგიური მაჩვენებელი ადგილობრივი თემის წევრობისთვის 93%–ია. მაშინ როდესაც, ევროპისა (47%) და მსოფლიოს მოქალაქეობას (43%) დაახლოებით ორჯერ ნაკლები რესპონდენტი დაეთანხმა. 


1999 წლის 27 იანვარს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ–ერთმა გამორჩეულმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ის ქართველი და მაშასადამე ევროპელი იყო. თუმცა, პოლიტიკური თუ კულტური ელიტის წარმომადგენელთა შეხედულებები, მისწრაფებები და სურვილები ხშირად არ ასახავენ მოსახლეობის უმრავლესობის მოსაზრებებს. 
2013 წლის ევროკავშირის შესახებ ჩატარებული კვლევის თანახმად, ზურაბ ჟვანიას სიტყვებს გამოკითხულთა მხოლოდ 18 % ეთანხმება. საქართველოში ეროვნული იდენტობის აღქმისას მხოლოდ "ქართველობა" ფიგურირებს. გამოკითხულთა 58 პროცენტმა მხოლოდ საკუთარი ეროვნება დაასახელა საკუთარი იდენტობის გამომხატველად. 
საინტერესოა, როგორ ესმით ადამიანებს საქართველოში "ქართველობა". 2012 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში სოციალურ–პოლიტიკურ საკითხებზე რესპონდენტებს სთხოვეს შეეფასებინათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რიგი საკითხები ადამიანის "ქართველად" აღქმაში. კვლევა გვიჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე (67 %) უფრო მნიშვნელოვანი ქართველების წინაპრების ყოლა (89%), ხოლო საქართველოში ცხოვრების დიდი ნაწილის გატარებაზე (66%) პრიორიტეტული ქართული კანონებისა და ტრადიციების პატივისცემა (86%) აღმოჩნდა. როგორც ენტონი სმიტმა განაცხადა, ადამიანები მიდრეკილნი არიან საკუთარი წინაპრებით, ტრადიციებითა და ძველი ფესვებით სიამაყისკენ. 
ზემოთ წარმოდგენილი რიცხვებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მოქალაქეები (ა) ძალიან ამაყობენ საკუთარი ეროვნებით,  (ბ) უფრო მეტ მნიშვნელობას ეთნიკურობას ანიჭებენ, ვიდრე უფრო ფართო მომცველ იდენტობებს და (გ) "ქართველობისათვის" აუცილებელ ატრიბურებად ტრადიციებსა და ეთნიკურ წარმომავლობას მიიჩნევენ. 




შენიშვნა:
* ჩემს მიერ აღწერილზე უფრო ვრცლად და გასაგებად, შესაძლებელია ნაციონალიზმის თეორიების მოკლედ გაცნობა ამ ბმულის საშუალებით . შეგიძლიათ გაეცნოთ ამ წიგნსაც.  

Wednesday, April 23, 2014

დასწრება რელიგიურ მსახურებაზე საქართველოში


საქართველოში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა იმ რელიგიურ ინსტიტუტს, რომელსაც საკუთარ თავს მიაკუთვნებს, რელიგიურ მსახურებებზე დასწრების მაჩვენებელი ისეთივე მაღალი არ არის, როგორც ნდობა. თუმცა, როგორც ამას ამ პოსტში ვნახავთ, საქართველოში დროთა განმავლობაში განუხრელად იზრდებოდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ესწრებიან რელიგიურ მსახურებას.

როგორც ვხედავთ, 90–იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოში მზარდი ტემპებით იზრდებოდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც რეგულარულად ესწრებოდნენ რელიგიურ მსახურებას. თუ 1992 წელს კვირაში ერთხელ და უფრო ხშირად მხოლოდ 3 პროცენტი ესწრებობა წირვა–ლოცვებს, 2013 წელს ეს რიცხვი 21 პროცენტამდე გაიზარდა. 

მონაცემების შეგროვებისას არ ვიყავი განებივრებული მრავალი და მრავალმხრივი კვლევებით. შევეცედა ამეღო ერთმანეთისაგან თანაბრად დაშორებული და დროში გაშლილი მონაცემები:

რადგანაც სლაიდის კეთებისას გამოვიყენე სხვადასხვა წლებში და მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევების მონაცემები, მომიწია დამეჯამებინა ან შემესაბამებინა ცვლადები ერთმანეთთან.  ხანდახან, შესაბამისობები და დაჯამება შეუძლებელი იყო. მაგალითად, 2003 წლის მონაცემებში არ იყო ვარიანტი "მხოლოდ დღესასწაულებზე". ამით აიხსნება მონაცემების დინამიკის დარღვევა 2003 წელს სხვა წლებთან შედარებით. 




Tuesday, April 8, 2014

საქართველოს რეგიონები და ფეხბურთი

საქართველოს უმაღლესი ლიგის 2013-2014 წლების სეზონის გუნდები *
ფეხბურთი და სტატისტიკა დანამდვილებით მუღამიანი და თავშესაქცევი საქმეა. ამჟამად ერთ ფრიად საინტერესო წიგნს ვკითხულობ ფეხბურთისა და სტატისტიკის შესახებ, სადაც მრავალი საინტერესო მოვლენა, მოსაზრება თუ ცრურწმენა არის განხილული, გარჩეული და დადასტურებულ/უარყოფილი.
ფეხბურთის (და ზოგადად სპორტის) შესახებ არსებული სტატისტიკის შეგროვება საკმაოდ გავრცელებულ ჰობის წარმოადგენს განსაზღვრულ წრეებში. საქართველოშიც მოიძებნება რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელსაც შეუძლია სამოცი ან სამოცდაათი წლის წინანდელ ჩატარებული მატჩის შესახებ ამომწურავი სტატისტიკა შემოგთავაზოს. თავისუფალ დროს ხშირად ვსტუმრობ ფორუმსა და ქართული სპორტული სტატისტიკის შემცველ საიტებს, რომლებიც უამრავ საინტერესო ფაქტსა და მოვლენას ინახავენ. 
ერთ-ერთი ასეთი ინტერნეტ რესურსის საშუალებით შევეცდები წარმოვადგინო და ვიზუალიზაცია გავუკეთო საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის ძირითად მონაცემებს. 

რეგიონიგუნდები უმაღლეს ლიგაში
აფხაზეთი5
სამეგრელო და ზემო სვანეთი6
გურია2
აჭარა2
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-
იმერეთი9
სამცხე-ჯავახეთი2
შიდა  ქართლი5
ქვემო  ქართლი3
თბილისი10
მცხეთა-მთიანეთი1
კახეთი4

საქართველოს პირველი ჩემპიონატის პირველი შეხვედრა  1990 წლის 30 მარტს, 18 საათზე დაიწყო ეროვნულ სტადიონზე. ფიფას არბიტრ ველოდ მიმინოშვილის სასტვენზე ერთმანეთის დაუპირისპირდნენ თბილისის "იბერია"** და ფოთის "კოლხეთი". მას შემდეგ უკვე 24-ჯერ ჩატარდა ეროვნული ჩემპიონატის გათამაშება, ამ ეტაპზე კი 25-ე სრულდება. ქართული ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის მოყვარულთა კლუბის მონაცემებით საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სულ 49 გუნდს უასპარეზია. რეგიონული განაწილება გვიჩვენებს, რომ მონიწნავე პოზიციებს თბილისი და იმერეთის რეგიონი იკავებენ. აღსანიშნავია, რომ სახეზეა მკვეთრი დისბალანსი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებს შორის - დასავლეთ საქართველოს რეგიონები, რომლებიც უფრო დიდი ურბანიზაციის დონით გამოირჩევიან უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილი უმაღლეს ლიგაში, მაშინ როდესაც აღმოსავლეთ საქართველოდან (თუ არ ჩავთვლით თბილისს) მხოლოდ 15 გუნდი ჰყავდა წარმოდგენილი. 
როგორც მოცემული გრაფიკიდან ჩანს, უმეტეს შემთხვევაში გუნდების რაოდენობა დამოკიდებულია ურბანიზაციის დონესთან. მნიშვნელოვან გამონაკლისს წარმოადგენს აჭარა, რომელსაც შედარებით მაღალი ურბანიზაციის დონის მაჩვენებლისა მხოლოდ 2 გუნდით იყო წარმოდგენილი უმაღლეს ლიგაში. ამის მიზეზი ალბათ აჭარის მოსახლეობის განლაგების თავისებურებაში უნდა ვეძიოთ - მთელს აჭარაში მხოლოდ ერთი მსხვილი და ერთიც საშუალო ზომის ქალაქია.



თუმცა, ერთ საქმეა გუნდების რაოდენობა, მეორე კიდევ წარმატება. წარმატებას საქართველოს ჩემპიონატში ძირითადად თბილისური გუნდები აღწევდნენ. ნახევარზე მეტჯერ ჩემპიონატს "თბილისის დინამო" იგებდა. მაშინ როდესაც, მეორე ყველაზე წარმატებულ გუნდს, ქუთაისის ტორპედოს მხოლოდ 3 ჩემპიონობა აქვს. ამ შეთხვევაში სახეზეა ცენტრისა და პერიფერიის დაპირისპირება, რომელშიც უპირობოდ ლიდერობს საქართველოს დედაქალაქი - გაცილებით დიდი მატერიალური, რაოდენობრივი და ინფრასტრუქტურული რესურსით.




შენიშვნები:
* როგორც ამ რუკას ეტყობა, აშკარად დილეტანტისა და მოყვარულის მიერ, (ანუ ჩემს მიერ) არის შექმნილი.
** ამ სახელით ასპარეზობდა საქართველოს ჩემპიონატის საწყის წლებში "დინამო თბილისი".
[1] ჩემპიონობის ორივე შეთხვევაში გამოდიოდა "ოლიმპის" სახელით. 

Friday, April 4, 2014

ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში და ეთნიკური უმცირესობები


შევეცდები თემატურად გავაგრძელო წინა ორი პოსტის თემა და კვლავ გავამახვილო ყურადღება ეთნიკური უმცირესობების საკითხზე. ამჯერად ყურადღება მივაქციო საქართველოს ეთნიკური უმცირესობების დამოკიდებულებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის საქართველოს საგარეო პოლიტიკა, კერძოდ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. 
2013 წელს CRRC–მ ჩაატარა კვლევა ევროკავშირის  ცოდნისა და დამოკიდებულებების შესახებ. კვლევა განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფაქტის გამო, რომ მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეთნიკური უმცირესობების* წარმომადგენლებმა ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე–ჯავახეთში. 
ზოგადად, ეთნიკური უმცირესობები საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ნაკლებად ინფორმირებული და ნაკლებად დაინტერესებულნი არიან. დაუინტერესებულობა ვრცელდება საგარეო პოლიტიკაზეც. მხოლოდ 35% ეთნიკური უმცირესობებისა ამბობს, რომ რაღაც დოზით დაინტერესებულია საქართველოს საგარეო პოლიტიკით, როდესაც ეს მაჩვენებელი საქართველოს მასშტაბით საშუალოდ 49%–ს შეადგენს


კიდევ უფრო საინტერესოა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთა დამოკიდებულება ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. მაშინ როდესაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მომხრეა ნატოში გაწევრიანებისა, ეთნიკური უმცირესობების მხოლოდ 31% დაუჭერდა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. 

ანალოგიური სიტუაციაა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. კითხვაზე – "ხვალ რომ ტარდებოდეს რეფერენდუმ, მისცემდით თუ არა ხმას ევროკავშირში გაწევრიანებას?" – ეთნიკურ უმცირესობებში მხოლოდ 38% პასუხობს დადებითად. აღსანიშნავია, რომ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დასმულ შეკითხვებში საკმაოდ მაღალია "არ ვიცი" პასუხი, რაც დიდი ალბათობით ევროატლანტიკური სტურქტურების შესახებ ეთნიკურად არა ქართველი რესპონდენტების ნაკლებად ინფორმირებულობასა და ჩართულობაზე მიუთითებს. 

თუმცა, სახეზეა აგრეთვე ეთნიკური უმცირესობების რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭებისა და დამოუკიდებლობის შეზღუდვის შიში. ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც ნაკლებად არიან ინტეგრირებული ქართულ საზოგადოებაში, გარიყული არიან ზოგად ქართული ტენდენციებისაგან, არ ფლობენ/არ სურთ ფლობდნენ ინფორმაციას სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე (მათ შორის საგარეო საკითხებთან დაკავშირებით). მათი ნაკლები ენთუზიაზმი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შესაძლოა არსებული სტატუს კვოს შენარჩუნების სურვილიც არის, როდესაც ისინი არ არევიან დანარჩენი საქართველოს საქმეებში და გარკვეული ხელშეუხებლობით სარგებლობენ. 

შენიშვნა
* მხოლოდ ორი უმსხვილესი ჯგუფი – სომხები და აზერბაიჯანლები; სხვა ეთნიკური უმცირესობები ან შედარებით მცირე მასშტაბის არიან, არ არ ბინადრობენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციაში არსებულ ტერიტორიაზე.

სააკაშვილის მესამე ვადით პრეზიდენტობა

გავაგრძელოთ წინა პოსტში დაწყებული საქართველოს რეგიონების შედარება. CSS-ის 2012 წლის იანვარში ჩატარებულ კვლევაში შევხვდებით ასეთ შეკითხვას – "როგორც იცით, მიხეილ სააკაშვილს უმთავრდება მეორე საპრეზიდენტო ვადა და კონსტიტუციის თანახმად, მესამედ კენჭს ვერ იყრის. გთხოვთ, მითხრათ, ყველაზე მეტად ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად?". ამის მიუხედავად, რესპონდენტების სადღაც 2%–მა მაინც მიხეილ სააკაშვილი დაასახელა ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას. ერთი შეხედვით, 2% არ წარმოადგენს სერიოზულად განსახილველ მაჩვენებელს, თუმცა ფრიად საინტერესო შედეგს გვიჩვენებს აღნიშნული კითხვის კროსტაბულაცია რეგიონების ჭრილში.

სამცხეში (13%), ჯავახეთსა (6%) და შიდა ქართლში (5%) მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კვლავ მიხეილ სააკაშვილს ხედევდა საქართველოს პრეზიდენტად.  შესაძლოა ამის მიზეზი ეთნიკური უმცირესობების ხელისუფლების მიმართ ტრადიციულად ლოიალური დამოკიდებულება იყოს, ანდა, როგორც შიდა ქართლისა და 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად დევნილების კონტექსში შეიძლება იყოს, ანტირუსული დამოკიდებულება და სააკაშვილის ქარიზმატული ფიგურით აღფრთოვანება.

თუმცა, ყველაზე რეალური ახსნა, ჩემი აზრით, ერთის მხრივ გამოკითხული რესპონდენტების ინფორმაციული გაუთვიცნობიერებაა, მეორეს მხრივ კი კვლევის ჩატარებისას ზოგიერთი ინტერვიუერის მიერ შეკითხვის ტექსტის არათანმიმდევრულად და არასრულად წაკითხვა შეიძლება იყოს. 

Thursday, April 3, 2014

ოჯახის შემოსავალი საქართველოს რეგიონებში


საქართველოს განსხვავებული რეგიონები

2012 წლის იანვარში სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დაკვეთით ჩატარდა გამოკითხვა სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. მართალია მონაცემთა ბაზა არ არის საჯარო, თუმცა css-ის საიტზე შესაძლებელია მონაცემთა ონლაინ ანალიზის საშუალებით გამოკითხვის შედეგებს გავეცნოთ. გამოკითხვა რეპრეზენტატულია საქართველოს მხარეების მიხედვით*, რაც მასობრივი გამოკითხვით არ განებივრებული ქართველი მკვლევარებისთვის მშვენიერ სამუშაო მასალას წარმოადგენს. რეგიონების შედარება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით საინტერესო შედეგებს გვაძლევს. ამ პოსტში განვიხილოთ და ერთმანეთს შევადაროთ საქართველოს მხარეები ოჯახის შემოსავლების წყაროების მიხედვით. 
ხელფასიანი სამსახურიდან მიღებული შემოსავალი
ქართულ ოჯახებისთვის ხელფასიანი სამსახურებიდან მიღებული შემოსავალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა. კითხვაზე, "დამისახელეთ თქვენი ოჯახის შემოსავლის წყაროები 2011 წელს - ხელფასიანი სამსახური (თვითდასაქმების და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გარდა)?" - ყვეყლაზე მაღალი მაჩვენებლები ურბანიზებულ მხარეებში დაფიქსირდა, ყველაზე ნაკლები კი ეს მაჩვენებელი ნაკლებად ურბანიზებულ და ერთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშია. შედარებისთვის, რუკაზე მონიშნულია ამ კითხვაზე უმაღლესი და უმცირესი სიხშირის მქონე რეგიონები - თბილისი 54%-ით და ჯავახეთი - 17%. 
თვითდასაქმებისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისგან მიღებული შემოსავალი
რაც შეეხება თვითდასაქმებასა და სასოფლო სამეურნეო საქმიანობისგან მიღებულ შემოსავალს, აქ კვლავაც მნიშვნელოვან როლოს უნდა თამაშობდეს ურბანიზაციის დონე, რადგანაც რუკისათვის ერთი თვალის შევლებაც კი საკმარისია, რომ ყურადღება მივაქციოთ ტრადიციულად ნაკლებად ურბანიზებული მხარეების მაღალ მაჩვენებლებს. 

საკუთრებიდან მიღებული შემოსავალი
მართალია საკუთრებისგან მიღებული შემოსავალი არ არის მნიშვნელოვანი წყარო საოჯახო შემოსავლებისათვის საქართველოში, თუმცა ამის მიუხედავად რეგიონებს შორსი განსხვავება ფრიად საინტერესოა. ამ მაჩვენებლის მაღალი დონეა აჭარასა და სამცხეში - ქართველი დამსვენებლის ტრადიციულ ადგილებში - საზღვაო, სამთო/სათხილამურო და ბალნეოლოგიური კურორტების რეგიონებში. 
სახელმწიფო დახმარებიდან მიღებული შემოსავალი
სახელმწიფო დახმარებები აგრეთვე დიდ წილს იკავებს ოჯახურ შემოსავლებში. თუმცა, ყურადღებას იქცევს ერთნიკური უმცირესობებით დასახლებული ორი რეგიონის - ჯავახეთისა და ქვემო ქართლის - შედარებით ჩამორჩენა მთლიანად ქვეყნის საშუალო მაჩვენებელთან. შედარებით დაბალია აგრეთვე თბილისის სიხშირეც ამ კითხვაზე, რაც შესაძლებელია აიხსნას საშუალოდ თბილისში უფრო მაღალი შემოსავლებით და სახელმწიფო დახმარების არ საჭიროებით**.
საზღვარგარეთ მომუშავე ოჯახის წევრების/ნათესავებისგან მიღებული დახმარება
ამ პოსტის უკანასკნელი ნაწილი კი საზღვარგარეთ მომუშავე ოჯახის წევრების დახმარებას შეეხება. ამ რუკაზე ნაჩვენებია საზღვარგარეთ მცხოვრები ოჯახის წევრებისა და ნათესავებისგან მიღებული შემოსავლები, რომლებიც ყველაზე მაღალი ჯავახეთშია - 36%. ეს მაშინ, როდესაც ანალოგიური მაჩვენებელია ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 9 პროცენტია. 

აღნიშნული მაჩვენებელი საშუალებას გვაძლებს მცირედით მაინც შეგვექმნას წარმოდგენა ქართული რეგიონების განსხვავებულობაზე, უთანასწორობასა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების არა ინტეგრირებულობაზე ქართულ რეალობაში. 



შენიშვნა 
* რეგიონების საზღვრები არ ემთხვევა საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფას, ზოგიერთი რეგიონი გაერთიანებულია ან დანაწევრებული. 
** ამ აზრის შემოწმება და დადასტურება შესაძლებელია მონაცემებით ამავე კვლევიდან, შემდეგ გვერდზე - http://cssgeorgia.org/data/ge/css2012/G5-by-STRATUM/chart/ 

დამოკიდებულება სტალინის მიმართ საქართველოში

სლაიდი 1
დამოკიდებულებას სტალინის შესახებ გარკვეულწილად წინა პოსტშიც შევეხე. სტალინის შესახებ ქართველების დამოკიდებულების შესახებ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ბლოგზეც მაქვს განხილული.  იმ პოსტის მთავარი point იყო არა ერთგვაროვანი დამოკიდებულებები და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს (განათლება, დასახლების ტიპი, ასაკი) შორის განსხვავებები. 

სლაიდი 2
როგორც პირველი სლაიდიდან ჩანს უმეტესობას (45%-ს) საქართველოში დადებითი დამოკიდებულება აქვს სტალინის მიმართ, თუმცა ეს არ უშლის ხელს სტალინისადმი კრიტიკული და ნეგატატიური აზრების დაფიქსირებასაც (სლაიდი 2). ამ პოსტში აღარ დავწვრილმანდები Caucasus Barometr-ში დასმული კითხვების აღწერისგან (დეტალურად აქ შეგიძლიათ გაეცნოთ).
სლაიდი 3
სამაგიეროდ, შემოგთავაზებთ IRI-ის მიერ 2007 წლის სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვის დროს სტალინის და გორში მდებარე მისი ძეგლის შესახებ დასმულ საკითხებს. როგორც მესამე სლაიდი გვიჩვენებს, ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილი სტალინის, როგორც ისტორიულ ფიგურას და მოღვაწეს აფასებს დადებითან. ქართველები აგრეთვე არ ეთანხმებიან გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟსაც (სლაიდი 4). 
სლაიდი 4
58%-ის ძეგლის აღება მიუღებლად მიიჩნია სტალინის, როგორც დიადი ლიდერის პატივისცემის გამო, 30%-ი კი ძეგლის დარჩენას საკუთარ ადგილზე ტურიზმის განვითარებისთვის მიიჩნევს საჭიროდ. მიუხედავად მოსახლეობის ასეთი განწყობისა, 2010 წელს მისი ძეგლი გორში მაინც აიღეს.  2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როგორც კავკასიის ბარომეტრი გვიჩვენებს, დიდად დამოკიდებულება სტალინის მიმართ არ შეცვლილა. ზოგადად, სტალინი კვლავაც პოზიტიურად ფასდება. მეტიც, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ სხვადასხვა ადგილას მოხდა მისი სკულპტურების ხელახალი გახსნაც. მიუხედავად იმისა, რომ თელავში აღდეგენილ ძეგლს მალევე დემონტაჟი გაუკეთეს, საზოგადოებაში კვლავაც არის დარჩენილი სიმპატიები საბჭოთა კავშირის ერთ დროს მრისხანე ბელადის მიმართ. ძეგლების აღებითა და დემონტაჟით სტალინის ხატი და ხსოვნა ჩვეულებრივ ადამიანებში არ მომკვდარა. 

Tuesday, April 1, 2014

ჩვენი დროის გმირები


2003 წლის შემოდგომა
"ჩვენი დროის გმირები" - სწორედ ამ სახელწოდებას შევხვდებით როგორც მიხაილ ლერმონტოვის ნაწარმოებების ჩამონათვალში, აგრეთვე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევებში

2003 წლიდან მოყოლებული IRI ატარებს საზოგადოებრივი აზრის კვლევას სხვადასხვა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. როგორც წესი კვლევის შედეგები ნაკლებად შუქდება მედიის საშუალებების მიერ და არც თავად დამკვეთი არის მოწადინებული სრულად და ამომწურავად გამოაქვეყნოს მონაცემები. თუმცა სხვადასხვა წელს ჩატარებული გამოკითხვის ამსახველი პრეზენტაციების ხილვა IRI-ის საიტზე არის შესაძლებელი. 
2004 წლის თებერვალი
რავალ საჭირბოროტო თუ არც თუ ისე საინტერესო საკითხთან ერთად IRI-ს კვლევებში შევხვდებით სექცია "ჩვენი დროის გმირები", სადაც რესპონდენტების სთხოვენ დაასახელონ ქართული ისტორიისა და ხალხური კულტურის წარმომადგენლები, რომლებიც  დღეს ეროვნული გმირის ან ლიდერის ფუნქციას შეასრულებდნენ. 2003-დან 2009 წლამდე კვლევაში ეს შეკითხვა 5-ჯერ არის ნაკითხი. 

2004 წლის ივნისი

პირველ და მეორე ადგილებს ხუთივე შემთხვევაში ქართველი მონარქების - დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე იკავებენ, მცირედი ცვლილებებისა და პროცენტული მაჩვენებლის მერყეობის გათვალისწინებით. თუმცა, გასათვალისწინებელია რომ დავით აღმაშენებელს გამოკითხულთა უდიდესი რაოდენობა ასახელებს (ერთი მესადედიდან თითქმის 50%-მდე), ხოლო თამარ მეფე 10-14%-იანი მაჩვენებლით აშკარად ჩამორჩება, თუმცა კი იკავებს მეორე ადგილს. 
2005 წლის ივნისი

ქართველი მონარქების შემდეგ ადგილებს გაცილებით მცირეპროცენტიანი, თუმცა მრავალრიცხოვანი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები იკავებენ. პირველობას ამ კატეგორიაში ერთამენთს ეჯიბრებიან როგორც ზვიად გამსახურდია, აგრეთვე იოსებ სტალინი, როგორც ილია ჭავჭავაძე, აგრეთვე მიხეილ სააკაშვილი. სხვადასხვა წლებში შესაძლებელია შეხვდეთ ქართული მითოლოგიის პერსონაჟს (ამირანი - 1%-ით 2004 წლის თებერვალში),  ჩვენს ეპოქაში მცხოვრებ მომღერლებს (გოგი დოლიძე 2005 წლის ივნისში და ჰამლეტ გონაშვილი 2003 წლის შემოდგომაზე - ორივე სტატისტიკურად უმნიშვნელო პროცენტული მაჩვენებლით), აგრეთვე სასულიერო პირებსაც - საქართველოს პატრიარქი ილია II 2009 წლის მარტში. 

2009 წლის მარტი
თუმცა, ზემოთ ნახსენები პიროვნებები იცვლებიან კვლევიდან კვლევამდე, დამოკიდებულნი არიან კვლევის დროს შერჩევაში მოყოლილ ადამიანთა გემოვნებაზე. მათი პროცენტული მაჩვენებლები კითხვის ცდომილებაზე ნაკლებია. ეს იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებეთ მრავალფეროვანია, თუმცა ძალიან დაქსასული. აგრეთვე, დავით აღმაშენებელი თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ უკონკურენტოდ ეროვნული გმირის/ლიდერის წოდებისთვის. 


2009 წლის ოქტომბერი

2008 წელს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში გამოვიდა გადაცემას "საქართველოს დიდი ათეული", რომლის მიზანიც საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ადამიანის დადგენაც იყო. ეს პროექტი სამწუხაროდ არ დასრულდა ძალიან სასაცილო, ჩვენი ქვეყნისთვის კი მწარე რეალობის გამოთუმცა, გადაცემის შეწყვეტამდე არსებული რეიტინგებითა და გამოკითხვით დავით აღმაშენებელი იქაც პირველობას არ თმობდა.