Friday, April 25, 2014

ეროვნული იდენტობა საქართველოში

ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებას სხვადასხვანაირად განიხილავენ*. ბენედიქტ ანდერსონი "წარმოსახვით საზოგადოებებს" (Imagined communities) უკავშირებს თანამდროვე ერის კონცეპციის ჩამოყალიბებას და ეროვნული იდენტობის კონსტრუირებაში თანამედროვე კაპიტალისტური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ერიკ ჰობსბაუმის აზრით ეროვნული იდენტობა და ნაციონალიზმი  "ზემოდან" ყალიბდება, როგორც კულტურული ან პოლიტიკური იდეა და შემდეგ ვრცელდება ფართო მასებში. კიდევ ერთი მკვლევარი, ენტონი სმიტი კი ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში ისტორიული სამშობლოს (ტერიტორიის), მითებისა და მეხსიერების და ერთობლივი კულტურის კომპონენტებს გამოჰყოფს. 


  
2008 წელს ჩატარებული მსოფლიოს ღირებულებათა კვლევის თანახმად საქართველოში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (97%) ამაყობს საკუთარი ეროვნებით. 
საკუთარი ეროვნებით ასეთი სიამაყის განცდა იგრძნობა ქართველების იდენტობის კონსტრუირებაში, რომელიც ფრიად საინტერესო და შედარებით ნაკლებად გამოკვლეული ფენომენია. ამ პოსტის მიზანი არსებული სტატისტიკური მონაცემების მიმოხილვა უფრო არის, ვიდრე თეორიული წიაღსვლები, ამიტომ ქვემოთ რამდენიმე საინტერესო ჩარტს შემოგთავაზებთ. 

2008 წლის მსოფლიო ღირებულებათა კვლევის სხვა ცვლადების თანახმად, საქართველოში მცხოვრებნი საკუთარ იდენტობას ცალსახად ვიწრო სახელმწიფროებრივ და ადგილობრივ მიკუთვნებულობას უკავშირებენ, ვიდრე ზოგად საკაცობრიო ან ფართო რეგიონულ გაერთიანებებს. გამოკითხულთა 98% დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ისინი საკუთარ თავს აღიქვამენ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს. ანალოგიური მაჩვენებელი ადგილობრივი თემის წევრობისთვის 93%–ია. მაშინ როდესაც, ევროპისა (47%) და მსოფლიოს მოქალაქეობას (43%) დაახლოებით ორჯერ ნაკლები რესპონდენტი დაეთანხმა. 


1999 წლის 27 იანვარს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ–ერთმა გამორჩეულმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ის ქართველი და მაშასადამე ევროპელი იყო. თუმცა, პოლიტიკური თუ კულტური ელიტის წარმომადგენელთა შეხედულებები, მისწრაფებები და სურვილები ხშირად არ ასახავენ მოსახლეობის უმრავლესობის მოსაზრებებს. 
2013 წლის ევროკავშირის შესახებ ჩატარებული კვლევის თანახმად, ზურაბ ჟვანიას სიტყვებს გამოკითხულთა მხოლოდ 18 % ეთანხმება. საქართველოში ეროვნული იდენტობის აღქმისას მხოლოდ "ქართველობა" ფიგურირებს. გამოკითხულთა 58 პროცენტმა მხოლოდ საკუთარი ეროვნება დაასახელა საკუთარი იდენტობის გამომხატველად. 
საინტერესოა, როგორ ესმით ადამიანებს საქართველოში "ქართველობა". 2012 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში სოციალურ–პოლიტიკურ საკითხებზე რესპონდენტებს სთხოვეს შეეფასებინათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რიგი საკითხები ადამიანის "ქართველად" აღქმაში. კვლევა გვიჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე (67 %) უფრო მნიშვნელოვანი ქართველების წინაპრების ყოლა (89%), ხოლო საქართველოში ცხოვრების დიდი ნაწილის გატარებაზე (66%) პრიორიტეტული ქართული კანონებისა და ტრადიციების პატივისცემა (86%) აღმოჩნდა. როგორც ენტონი სმიტმა განაცხადა, ადამიანები მიდრეკილნი არიან საკუთარი წინაპრებით, ტრადიციებითა და ძველი ფესვებით სიამაყისკენ. 
ზემოთ წარმოდგენილი რიცხვებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მოქალაქეები (ა) ძალიან ამაყობენ საკუთარი ეროვნებით,  (ბ) უფრო მეტ მნიშვნელობას ეთნიკურობას ანიჭებენ, ვიდრე უფრო ფართო მომცველ იდენტობებს და (გ) "ქართველობისათვის" აუცილებელ ატრიბურებად ტრადიციებსა და ეთნიკურ წარმომავლობას მიიჩნევენ. 




შენიშვნა:
* ჩემს მიერ აღწერილზე უფრო ვრცლად და გასაგებად, შესაძლებელია ნაციონალიზმის თეორიების მოკლედ გაცნობა ამ ბმულის საშუალებით . შეგიძლიათ გაეცნოთ ამ წიგნსაც.  

2 comments:

  1. ძალიან კარგი ბლოგია. რაც აღმოვაჩინე, სულ ვეცნობი. ასე გააგრძელეთ!

    ReplyDelete
  2. ბიჯო, სტუდენტს უნდა მივცე ახლა შენი ბლოგი წასაკითხად :დ

    ReplyDelete