Thursday, April 3, 2014

ოჯახის შემოსავალი საქართველოს რეგიონებში


საქართველოს განსხვავებული რეგიონები

2012 წლის იანვარში სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დაკვეთით ჩატარდა გამოკითხვა სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. მართალია მონაცემთა ბაზა არ არის საჯარო, თუმცა css-ის საიტზე შესაძლებელია მონაცემთა ონლაინ ანალიზის საშუალებით გამოკითხვის შედეგებს გავეცნოთ. გამოკითხვა რეპრეზენტატულია საქართველოს მხარეების მიხედვით*, რაც მასობრივი გამოკითხვით არ განებივრებული ქართველი მკვლევარებისთვის მშვენიერ სამუშაო მასალას წარმოადგენს. რეგიონების შედარება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით საინტერესო შედეგებს გვაძლევს. ამ პოსტში განვიხილოთ და ერთმანეთს შევადაროთ საქართველოს მხარეები ოჯახის შემოსავლების წყაროების მიხედვით. 
ხელფასიანი სამსახურიდან მიღებული შემოსავალი
ქართულ ოჯახებისთვის ხელფასიანი სამსახურებიდან მიღებული შემოსავალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა. კითხვაზე, "დამისახელეთ თქვენი ოჯახის შემოსავლის წყაროები 2011 წელს - ხელფასიანი სამსახური (თვითდასაქმების და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გარდა)?" - ყვეყლაზე მაღალი მაჩვენებლები ურბანიზებულ მხარეებში დაფიქსირდა, ყველაზე ნაკლები კი ეს მაჩვენებელი ნაკლებად ურბანიზებულ და ერთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშია. შედარებისთვის, რუკაზე მონიშნულია ამ კითხვაზე უმაღლესი და უმცირესი სიხშირის მქონე რეგიონები - თბილისი 54%-ით და ჯავახეთი - 17%. 
თვითდასაქმებისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისგან მიღებული შემოსავალი
რაც შეეხება თვითდასაქმებასა და სასოფლო სამეურნეო საქმიანობისგან მიღებულ შემოსავალს, აქ კვლავაც მნიშვნელოვან როლოს უნდა თამაშობდეს ურბანიზაციის დონე, რადგანაც რუკისათვის ერთი თვალის შევლებაც კი საკმარისია, რომ ყურადღება მივაქციოთ ტრადიციულად ნაკლებად ურბანიზებული მხარეების მაღალ მაჩვენებლებს. 

საკუთრებიდან მიღებული შემოსავალი
მართალია საკუთრებისგან მიღებული შემოსავალი არ არის მნიშვნელოვანი წყარო საოჯახო შემოსავლებისათვის საქართველოში, თუმცა ამის მიუხედავად რეგიონებს შორსი განსხვავება ფრიად საინტერესოა. ამ მაჩვენებლის მაღალი დონეა აჭარასა და სამცხეში - ქართველი დამსვენებლის ტრადიციულ ადგილებში - საზღვაო, სამთო/სათხილამურო და ბალნეოლოგიური კურორტების რეგიონებში. 
სახელმწიფო დახმარებიდან მიღებული შემოსავალი
სახელმწიფო დახმარებები აგრეთვე დიდ წილს იკავებს ოჯახურ შემოსავლებში. თუმცა, ყურადღებას იქცევს ერთნიკური უმცირესობებით დასახლებული ორი რეგიონის - ჯავახეთისა და ქვემო ქართლის - შედარებით ჩამორჩენა მთლიანად ქვეყნის საშუალო მაჩვენებელთან. შედარებით დაბალია აგრეთვე თბილისის სიხშირეც ამ კითხვაზე, რაც შესაძლებელია აიხსნას საშუალოდ თბილისში უფრო მაღალი შემოსავლებით და სახელმწიფო დახმარების არ საჭიროებით**.
საზღვარგარეთ მომუშავე ოჯახის წევრების/ნათესავებისგან მიღებული დახმარება
ამ პოსტის უკანასკნელი ნაწილი კი საზღვარგარეთ მომუშავე ოჯახის წევრების დახმარებას შეეხება. ამ რუკაზე ნაჩვენებია საზღვარგარეთ მცხოვრები ოჯახის წევრებისა და ნათესავებისგან მიღებული შემოსავლები, რომლებიც ყველაზე მაღალი ჯავახეთშია - 36%. ეს მაშინ, როდესაც ანალოგიური მაჩვენებელია ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 9 პროცენტია. 

აღნიშნული მაჩვენებელი საშუალებას გვაძლებს მცირედით მაინც შეგვექმნას წარმოდგენა ქართული რეგიონების განსხვავებულობაზე, უთანასწორობასა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების არა ინტეგრირებულობაზე ქართულ რეალობაში. 



შენიშვნა 
* რეგიონების საზღვრები არ ემთხვევა საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფას, ზოგიერთი რეგიონი გაერთიანებულია ან დანაწევრებული. 
** ამ აზრის შემოწმება და დადასტურება შესაძლებელია მონაცემებით ამავე კვლევიდან, შემდეგ გვერდზე - http://cssgeorgia.org/data/ge/css2012/G5-by-STRATUM/chart/ 

No comments:

Post a Comment