Wednesday, July 9, 2014

ოჯახში ბავშვთა იდეალური რაოდენობა საქართველოში

ამ ბლოგის დაწერა ჰანს რიოსლინგის მიერ ჩატარებულმა ლექციამ გადამაწყვეტინა, რომელიც საქართველოში გაიმართა 2014 წლის 25 ივნისს. შვედი მეცნიერი საქართველოში გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდის და საქართველოს პარლამენტის გერნდერული თანასწორობის საბჭოს მოწვევით ჩამოვიდა, რათა ესაუბრა საქართველოში გენდერული თანასწორობისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ. 

ლექციის მიმდინარეობისას ჩემთვის ყველაზე საინტერესო და მრავლისმეტყველი 00:37:41-ზე გამოჩენილი სლაიდი აღმოჩნდა. მოცემული სტატისტიკის თანახმად, საქართველოში რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალების მხოლოდ 27% იყენებს თანამედროვე კონტრაცეპტივებს, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 65%-ია შვედეთში. გრაფიკიდან აგრეთვე ჩანს, რომ შვედეთში ორჯერ უფრო მაღალია შობადობის მაჩვენებელი, მაშინ როდესაც აბორტების რაოდენობა თითქმის თანაბარია ორივე ქვეყანაში (აღსანიშნავია, რომ შვედეთში ორჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე საქართველოში).
2013 წლის კავკასიის ბარომეტრის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა უმეტესობას ოჯახში ბავშვთა იდეალურ რაოდენობად 3 ბავშვი მიაჩნია (45%). ძალიან საინტერესოა, რომ ამ შეკითხვაზე პასუხის ერთ-ერთი ვარიანტი იყო "რამდენსაც ღმერთი მოგვცემს", რომელზედაც, ჩემთვის გასაოცრად, რესპონდენტების 9%-მა უპასუხა. 
საინტერესოა, რომ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში ოჯახში ბავშვთა იდეალური რაოდენობა საკმაოდა განსხვავდება. ასაკის მატებასთან ერთად მატულობს ბავშვების რაოდენობაც - თუ 18-35 ასაკობრივ ჯგუფში მოქცეული რესპონდენტების 47%-ისთვის არის სამი ბავშვი იდეალური, 56+-ის ეს მაჩვენებელი 38%. ანალოგიურად, ახალგაზრდებში მხოლოდ 16% თვლის, რომ ოთხი ბავშვი იდეალურია ოჯახისთვის, როდესაც 56 წლის და უფროსი რესპონდენტების 34% ფიქრობს ასე. 
მცირე, მაგრამ შესამჩნები განსხვავებები გამოიკვეთა განათლების დონის მიხედვითაც, რომლის თანახმადაც განათლების უფრო მაღალი დონის მქონე რესპონდენტები უფრო ემხრობიან ოჯახის მრავალშვილიან მოდელს, ვიდრე საშუალო ან საშუალო ტექნიკური განათლების მქონე ადამიანები. 


No comments:

Post a Comment