Sunday, July 6, 2014

სასამართლოები საქართველოში


2005 წელს დაწყებული რეფორმის შედეგად შეიქმნა პირველი ინსტანციის 15 გამსხვილებული სასამართლო 27 მაგისტრი მოსამართლით. რეფორმის დასრულების შემდგომ კი მთელი საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს 22 პირველი ინსტანციის და 44 მაგისტრი სასამართლო.

პირველი ინსტანციის სასამართლოები წარმოადგენენ ქართული სასამართლო სისტემის პირველ საფეხურს, რომელთანაც შეხება უწევთ ქვეყნის მოქალაქეებს. ხშირად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ირაბად თუ პირდაპირ აისახება სასამართლოების საქმიანობასა და მათ მიერ გამოტანილ განაჩენებში. აღნიშნული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ–გვერდზე არსებულ სტატისტიკის განყოფილებაში.
მაგალითად, პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილული ადმინისტრაციული საქმეებში შემცირდა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შეანილი სარჩელები და ადმინისტრაციული ორგანოების სასარგებლოდ დამთავრებული საქმეები. საპირისპიროდ, გაიზარდა ეს მაჩვენებელი ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ.
აგრეთვე საინტერესოა შემდეგი გრაფიკი, რომელიც ასაღავის ამნისტიით ან სხვა საფუძვლით განთავისუფლებულ პატიმართა რიცხვს.  საინტერსოა, რომ წინასაარჩევნო ციებ–ცხელებითა და პოლიტიკური სკანდალებით დატვირთული 2007 და 2008 წლებში მოხდა დიდი რაოდენობით პატიმრის განთავისუფლება.

დროთა განმავლობაში აგრეთვე იცვლება სასამართლოს მიმართ დამოკიდებულებაც. მაგალითად, იმის მიხედვით, თუ როგორი პოლიტიკური სიტუაციაა ქვეყანაში, სხვადასხვანაირია სასამართლოს სამართლიანობის აღმქმა. ასე მაგალითად,
2012 წელს, როდესაც პიკს მიაღწია პოლიტიკურმა დაძაბულობამ ქვეყანაში სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა უკიდურესად დაბალი იყო, თუმცა 2013 წელს ვითარება რამდენადმე გაუმჯობესდა.

დროთა განმავლობაში მცირდება აგრეთვე მთავრობის ზეგავლენის განცდა მოქალაქეებში. ევროკავშირის შესახებ ჩატარებული კვლევის სამ ნაკადში დასმულ შეკითხვაზე, ეთანხმებოდა თუ არა რესპონდენტი იმას, რომ "სასამართლოები განიცდიან მთავრობის ზეგავლენას", მცირდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ამ მოსაზრებას ეთანხმება. 

Thursday, May 15, 2014

მობილური ოპერატორები საქართველოში


წყარო - analytics.gncc.ge

საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარი საკმაოდ პატარა, სამაგიეროდ საკმაოდ გადატვირთულია. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა ოფიციალურად 4.5 მილიონი ადამიანია მოქმედებს 4 მობილური ოპერატორი და  დაფიქსირებულია 5,7 მილიონი აბონენტი. 

წყარო - analytics.gncc.ge 
ასეთ შეზღუდულ პირობებში კომპანიებისათვის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან გაკეთებული შეკვეთები და წახალისებები. ასე მაგალითად 2013 წლის იანვარში სამთავრობო სტრუქტურებისათვის გამოცხადებულ ერთიან ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა მაგთიკომმა. მოგებული ტენდერის საფუძველზე, მაგთიმ აბონენტების საერთო რაოდენობას 150 ათასი ერთეულით გაზრდა და საკომუნიკაციო ბაზრის ლიდერი გახდა. ეს მოვლენა თვალსაჩინოდ არის ასახული საქართველოს კომუნიციების ეროვნული კომისიის ანატილიკურ პორტალზე წარმოდგენილ მონაცემებში (მონაცემების უფრო კარგად სანახავად დააჭირეთ წყაროს ლინკს ან სურათს)

წყარო - analytics.gncc.ge
ეს მოვლენა კარგად არის ასახული მობილურ ქსელებში პორტირებული აბონენტების ამსახველ გრაფიკზე. თუმცა 2014 წლის თებერვალში ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2014–2015 წლების კონსოლიდირებული ტენდერის გამარჯვებული ამჯერად მაგთისთან ერთად ჯეოსელიც გახდა. შესაძლოა, ამითაც აიხსნება 2013 წლის თებერვალში ჯეოსელის ქსელში პორტირებული აბონენტების უეცარი ზრდა. 
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მობილური ოპერატორების ბაზარი საქართველოში საკმაოდ გაჯერებულია. ახალი აბონენტების მოზიდვა ძირითადად პორტირების საშუალებით ხდება, რომელიც თავის მხრივ ხშირად დამოკიდებულია კორპორაციულ შეკვეთებზე. 

Friday, April 25, 2014

ეროვნული იდენტობა საქართველოში

ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებას სხვადასხვანაირად განიხილავენ*. ბენედიქტ ანდერსონი "წარმოსახვით საზოგადოებებს" (Imagined communities) უკავშირებს თანამდროვე ერის კონცეპციის ჩამოყალიბებას და ეროვნული იდენტობის კონსტრუირებაში თანამედროვე კაპიტალისტური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ერიკ ჰობსბაუმის აზრით ეროვნული იდენტობა და ნაციონალიზმი  "ზემოდან" ყალიბდება, როგორც კულტურული ან პოლიტიკური იდეა და შემდეგ ვრცელდება ფართო მასებში. კიდევ ერთი მკვლევარი, ენტონი სმიტი კი ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში ისტორიული სამშობლოს (ტერიტორიის), მითებისა და მეხსიერების და ერთობლივი კულტურის კომპონენტებს გამოჰყოფს. 


  
2008 წელს ჩატარებული მსოფლიოს ღირებულებათა კვლევის თანახმად საქართველოში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (97%) ამაყობს საკუთარი ეროვნებით. 
საკუთარი ეროვნებით ასეთი სიამაყის განცდა იგრძნობა ქართველების იდენტობის კონსტრუირებაში, რომელიც ფრიად საინტერესო და შედარებით ნაკლებად გამოკვლეული ფენომენია. ამ პოსტის მიზანი არსებული სტატისტიკური მონაცემების მიმოხილვა უფრო არის, ვიდრე თეორიული წიაღსვლები, ამიტომ ქვემოთ რამდენიმე საინტერესო ჩარტს შემოგთავაზებთ. 

2008 წლის მსოფლიო ღირებულებათა კვლევის სხვა ცვლადების თანახმად, საქართველოში მცხოვრებნი საკუთარ იდენტობას ცალსახად ვიწრო სახელმწიფროებრივ და ადგილობრივ მიკუთვნებულობას უკავშირებენ, ვიდრე ზოგად საკაცობრიო ან ფართო რეგიონულ გაერთიანებებს. გამოკითხულთა 98% დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ისინი საკუთარ თავს აღიქვამენ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს. ანალოგიური მაჩვენებელი ადგილობრივი თემის წევრობისთვის 93%–ია. მაშინ როდესაც, ევროპისა (47%) და მსოფლიოს მოქალაქეობას (43%) დაახლოებით ორჯერ ნაკლები რესპონდენტი დაეთანხმა. 


1999 წლის 27 იანვარს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ–ერთმა გამორჩეულმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ის ქართველი და მაშასადამე ევროპელი იყო. თუმცა, პოლიტიკური თუ კულტური ელიტის წარმომადგენელთა შეხედულებები, მისწრაფებები და სურვილები ხშირად არ ასახავენ მოსახლეობის უმრავლესობის მოსაზრებებს. 
2013 წლის ევროკავშირის შესახებ ჩატარებული კვლევის თანახმად, ზურაბ ჟვანიას სიტყვებს გამოკითხულთა მხოლოდ 18 % ეთანხმება. საქართველოში ეროვნული იდენტობის აღქმისას მხოლოდ "ქართველობა" ფიგურირებს. გამოკითხულთა 58 პროცენტმა მხოლოდ საკუთარი ეროვნება დაასახელა საკუთარი იდენტობის გამომხატველად. 
საინტერესოა, როგორ ესმით ადამიანებს საქართველოში "ქართველობა". 2012 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში სოციალურ–პოლიტიკურ საკითხებზე რესპონდენტებს სთხოვეს შეეფასებინათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რიგი საკითხები ადამიანის "ქართველად" აღქმაში. კვლევა გვიჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე (67 %) უფრო მნიშვნელოვანი ქართველების წინაპრების ყოლა (89%), ხოლო საქართველოში ცხოვრების დიდი ნაწილის გატარებაზე (66%) პრიორიტეტული ქართული კანონებისა და ტრადიციების პატივისცემა (86%) აღმოჩნდა. როგორც ენტონი სმიტმა განაცხადა, ადამიანები მიდრეკილნი არიან საკუთარი წინაპრებით, ტრადიციებითა და ძველი ფესვებით სიამაყისკენ. 
ზემოთ წარმოდგენილი რიცხვებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მოქალაქეები (ა) ძალიან ამაყობენ საკუთარი ეროვნებით,  (ბ) უფრო მეტ მნიშვნელობას ეთნიკურობას ანიჭებენ, ვიდრე უფრო ფართო მომცველ იდენტობებს და (გ) "ქართველობისათვის" აუცილებელ ატრიბურებად ტრადიციებსა და ეთნიკურ წარმომავლობას მიიჩნევენ. 




შენიშვნა:
* ჩემს მიერ აღწერილზე უფრო ვრცლად და გასაგებად, შესაძლებელია ნაციონალიზმის თეორიების მოკლედ გაცნობა ამ ბმულის საშუალებით . შეგიძლიათ გაეცნოთ ამ წიგნსაც.  

Wednesday, April 23, 2014

დასწრება რელიგიურ მსახურებაზე საქართველოში


საქართველოში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა იმ რელიგიურ ინსტიტუტს, რომელსაც საკუთარ თავს მიაკუთვნებს, რელიგიურ მსახურებებზე დასწრების მაჩვენებელი ისეთივე მაღალი არ არის, როგორც ნდობა. თუმცა, როგორც ამას ამ პოსტში ვნახავთ, საქართველოში დროთა განმავლობაში განუხრელად იზრდებოდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ესწრებიან რელიგიურ მსახურებას.

როგორც ვხედავთ, 90–იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოში მზარდი ტემპებით იზრდებოდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც რეგულარულად ესწრებოდნენ რელიგიურ მსახურებას. თუ 1992 წელს კვირაში ერთხელ და უფრო ხშირად მხოლოდ 3 პროცენტი ესწრებობა წირვა–ლოცვებს, 2013 წელს ეს რიცხვი 21 პროცენტამდე გაიზარდა. 

მონაცემების შეგროვებისას არ ვიყავი განებივრებული მრავალი და მრავალმხრივი კვლევებით. შევეცედა ამეღო ერთმანეთისაგან თანაბრად დაშორებული და დროში გაშლილი მონაცემები:

რადგანაც სლაიდის კეთებისას გამოვიყენე სხვადასხვა წლებში და მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევების მონაცემები, მომიწია დამეჯამებინა ან შემესაბამებინა ცვლადები ერთმანეთთან.  ხანდახან, შესაბამისობები და დაჯამება შეუძლებელი იყო. მაგალითად, 2003 წლის მონაცემებში არ იყო ვარიანტი "მხოლოდ დღესასწაულებზე". ამით აიხსნება მონაცემების დინამიკის დარღვევა 2003 წელს სხვა წლებთან შედარებით. 




Tuesday, April 8, 2014

საქართველოს რეგიონები და ფეხბურთი

საქართველოს უმაღლესი ლიგის 2013-2014 წლების სეზონის გუნდები *
ფეხბურთი და სტატისტიკა დანამდვილებით მუღამიანი და თავშესაქცევი საქმეა. ამჟამად ერთ ფრიად საინტერესო წიგნს ვკითხულობ ფეხბურთისა და სტატისტიკის შესახებ, სადაც მრავალი საინტერესო მოვლენა, მოსაზრება თუ ცრურწმენა არის განხილული, გარჩეული და დადასტურებულ/უარყოფილი.
ფეხბურთის (და ზოგადად სპორტის) შესახებ არსებული სტატისტიკის შეგროვება საკმაოდ გავრცელებულ ჰობის წარმოადგენს განსაზღვრულ წრეებში. საქართველოშიც მოიძებნება რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელსაც შეუძლია სამოცი ან სამოცდაათი წლის წინანდელ ჩატარებული მატჩის შესახებ ამომწურავი სტატისტიკა შემოგთავაზოს. თავისუფალ დროს ხშირად ვსტუმრობ ფორუმსა და ქართული სპორტული სტატისტიკის შემცველ საიტებს, რომლებიც უამრავ საინტერესო ფაქტსა და მოვლენას ინახავენ. 
ერთ-ერთი ასეთი ინტერნეტ რესურსის საშუალებით შევეცდები წარმოვადგინო და ვიზუალიზაცია გავუკეთო საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის ძირითად მონაცემებს. 

რეგიონიგუნდები უმაღლეს ლიგაში
აფხაზეთი5
სამეგრელო და ზემო სვანეთი6
გურია2
აჭარა2
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-
იმერეთი9
სამცხე-ჯავახეთი2
შიდა  ქართლი5
ქვემო  ქართლი3
თბილისი10
მცხეთა-მთიანეთი1
კახეთი4

საქართველოს პირველი ჩემპიონატის პირველი შეხვედრა  1990 წლის 30 მარტს, 18 საათზე დაიწყო ეროვნულ სტადიონზე. ფიფას არბიტრ ველოდ მიმინოშვილის სასტვენზე ერთმანეთის დაუპირისპირდნენ თბილისის "იბერია"** და ფოთის "კოლხეთი". მას შემდეგ უკვე 24-ჯერ ჩატარდა ეროვნული ჩემპიონატის გათამაშება, ამ ეტაპზე კი 25-ე სრულდება. ქართული ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის მოყვარულთა კლუბის მონაცემებით საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სულ 49 გუნდს უასპარეზია. რეგიონული განაწილება გვიჩვენებს, რომ მონიწნავე პოზიციებს თბილისი და იმერეთის რეგიონი იკავებენ. აღსანიშნავია, რომ სახეზეა მკვეთრი დისბალანსი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებს შორის - დასავლეთ საქართველოს რეგიონები, რომლებიც უფრო დიდი ურბანიზაციის დონით გამოირჩევიან უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილი უმაღლეს ლიგაში, მაშინ როდესაც აღმოსავლეთ საქართველოდან (თუ არ ჩავთვლით თბილისს) მხოლოდ 15 გუნდი ჰყავდა წარმოდგენილი. 
როგორც მოცემული გრაფიკიდან ჩანს, უმეტეს შემთხვევაში გუნდების რაოდენობა დამოკიდებულია ურბანიზაციის დონესთან. მნიშვნელოვან გამონაკლისს წარმოადგენს აჭარა, რომელსაც შედარებით მაღალი ურბანიზაციის დონის მაჩვენებლისა მხოლოდ 2 გუნდით იყო წარმოდგენილი უმაღლეს ლიგაში. ამის მიზეზი ალბათ აჭარის მოსახლეობის განლაგების თავისებურებაში უნდა ვეძიოთ - მთელს აჭარაში მხოლოდ ერთი მსხვილი და ერთიც საშუალო ზომის ქალაქია.



თუმცა, ერთ საქმეა გუნდების რაოდენობა, მეორე კიდევ წარმატება. წარმატებას საქართველოს ჩემპიონატში ძირითადად თბილისური გუნდები აღწევდნენ. ნახევარზე მეტჯერ ჩემპიონატს "თბილისის დინამო" იგებდა. მაშინ როდესაც, მეორე ყველაზე წარმატებულ გუნდს, ქუთაისის ტორპედოს მხოლოდ 3 ჩემპიონობა აქვს. ამ შეთხვევაში სახეზეა ცენტრისა და პერიფერიის დაპირისპირება, რომელშიც უპირობოდ ლიდერობს საქართველოს დედაქალაქი - გაცილებით დიდი მატერიალური, რაოდენობრივი და ინფრასტრუქტურული რესურსით.




შენიშვნები:
* როგორც ამ რუკას ეტყობა, აშკარად დილეტანტისა და მოყვარულის მიერ, (ანუ ჩემს მიერ) არის შექმნილი.
** ამ სახელით ასპარეზობდა საქართველოს ჩემპიონატის საწყის წლებში "დინამო თბილისი".
[1] ჩემპიონობის ორივე შეთხვევაში გამოდიოდა "ოლიმპის" სახელით. 

Friday, April 4, 2014

ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში და ეთნიკური უმცირესობები


შევეცდები თემატურად გავაგრძელო წინა ორი პოსტის თემა და კვლავ გავამახვილო ყურადღება ეთნიკური უმცირესობების საკითხზე. ამჯერად ყურადღება მივაქციო საქართველოს ეთნიკური უმცირესობების დამოკიდებულებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის საქართველოს საგარეო პოლიტიკა, კერძოდ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. 
2013 წელს CRRC–მ ჩაატარა კვლევა ევროკავშირის  ცოდნისა და დამოკიდებულებების შესახებ. კვლევა განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფაქტის გამო, რომ მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეთნიკური უმცირესობების* წარმომადგენლებმა ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე–ჯავახეთში. 
ზოგადად, ეთნიკური უმცირესობები საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ნაკლებად ინფორმირებული და ნაკლებად დაინტერესებულნი არიან. დაუინტერესებულობა ვრცელდება საგარეო პოლიტიკაზეც. მხოლოდ 35% ეთნიკური უმცირესობებისა ამბობს, რომ რაღაც დოზით დაინტერესებულია საქართველოს საგარეო პოლიტიკით, როდესაც ეს მაჩვენებელი საქართველოს მასშტაბით საშუალოდ 49%–ს შეადგენს. 


კიდევ უფრო საინტერესოა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთა დამოკიდებულება ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. მაშინ როდესაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მომხრეა ნატოში გაწევრიანებისა, ეთნიკური უმცირესობების მხოლოდ 31% დაუჭერდა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. 

ანალოგიური სიტუაციაა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. კითხვაზე – "ხვალ რომ ტარდებოდეს რეფერენდუმ, მისცემდით თუ არა ხმას ევროკავშირში გაწევრიანებას?" – ეთნიკურ უმცირესობებში მხოლოდ 38% პასუხობს დადებითად. აღსანიშნავია, რომ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დასმულ შეკითხვებში საკმაოდ მაღალია "არ ვიცი" პასუხი, რაც დიდი ალბათობით ევროატლანტიკური სტურქტურების შესახებ ეთნიკურად არა ქართველი რესპონდენტების ნაკლებად ინფორმირებულობასა და ჩართულობაზე მიუთითებს. 

თუმცა, სახეზეა აგრეთვე ეთნიკური უმცირესობების რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭებისა და დამოუკიდებლობის შეზღუდვის შიში. ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც ნაკლებად არიან ინტეგრირებული ქართულ საზოგადოებაში, გარიყული არიან ზოგად ქართული ტენდენციებისაგან, არ ფლობენ/არ სურთ ფლობდნენ ინფორმაციას სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე (მათ შორის საგარეო საკითხებთან დაკავშირებით). მათი ნაკლები ენთუზიაზმი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შესაძლოა არსებული სტატუს კვოს შენარჩუნების სურვილიც არის, როდესაც ისინი არ არევიან დანარჩენი საქართველოს საქმეებში და გარკვეული ხელშეუხებლობით სარგებლობენ. 

შენიშვნა
* მხოლოდ ორი უმსხვილესი ჯგუფი – სომხები და აზერბაიჯანლები; სხვა ეთნიკური უმცირესობები ან შედარებით მცირე მასშტაბის არიან, არ არ ბინადრობენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციაში არსებულ ტერიტორიაზე.

სააკაშვილის მესამე ვადით პრეზიდენტობა

გავაგრძელოთ წინა პოსტში დაწყებული საქართველოს რეგიონების შედარება. CSS-ის 2012 წლის იანვარში ჩატარებულ კვლევაში შევხვდებით ასეთ შეკითხვას – "როგორც იცით, მიხეილ სააკაშვილს უმთავრდება მეორე საპრეზიდენტო ვადა და კონსტიტუციის თანახმად, მესამედ კენჭს ვერ იყრის. გთხოვთ, მითხრათ, ყველაზე მეტად ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად?". ამის მიუხედავად, რესპონდენტების სადღაც 2%–მა მაინც მიხეილ სააკაშვილი დაასახელა ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას. ერთი შეხედვით, 2% არ წარმოადგენს სერიოზულად განსახილველ მაჩვენებელს, თუმცა ფრიად საინტერესო შედეგს გვიჩვენებს აღნიშნული კითხვის კროსტაბულაცია რეგიონების ჭრილში.

სამცხეში (13%), ჯავახეთსა (6%) და შიდა ქართლში (5%) მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კვლავ მიხეილ სააკაშვილს ხედევდა საქართველოს პრეზიდენტად.  შესაძლოა ამის მიზეზი ეთნიკური უმცირესობების ხელისუფლების მიმართ ტრადიციულად ლოიალური დამოკიდებულება იყოს, ანდა, როგორც შიდა ქართლისა და 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად დევნილების კონტექსში შეიძლება იყოს, ანტირუსული დამოკიდებულება და სააკაშვილის ქარიზმატული ფიგურით აღფრთოვანება.

თუმცა, ყველაზე რეალური ახსნა, ჩემი აზრით, ერთის მხრივ გამოკითხული რესპონდენტების ინფორმაციული გაუთვიცნობიერებაა, მეორეს მხრივ კი კვლევის ჩატარებისას ზოგიერთი ინტერვიუერის მიერ შეკითხვის ტექსტის არათანმიმდევრულად და არასრულად წაკითხვა შეიძლება იყოს.